Foto

სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმე დასაშვებად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება.

საქმე ეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ადამიანთა უფლებების სიტუაციის გაუარესებას, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულების ჩადენას. 

სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია საქმის განხილვაზე, რადგან ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კონვენციის სავარაუდო დარღვევას, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია ევროპული კონვენციის მოქმედებას შეაჩერებდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები განეხილა არა მხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციად, არამედ კონვენციის ცალკეულ დარღვევად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმეები ასევე იყო სამი ინდივიდუალური საჩივრის საგანი. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეში იგი მხოლოდ განიხილავდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს და განიხილავდა სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ასეთი პრაქტიკის სავარაუდო ილუსტრაციებს. უფრო მეტიც, სასამართლო დათანხმდა, რომ არცერთი მოვლენა, რომელიც მოხდა 2009 წლამდე - ანუ „ბორდერიზაციის“ პროცესამდე - არ უნდა იქნას გათვალისწინებული.

რუსეთის მთავრობის პრეტენზიის საპასუხოდ, რომ განცხადება შეტანილი იყო ზოგადი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად და არა კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე ეხებოდა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს ჰქონდათ პოლიტიკური ასპექტები, სასამართლოს არ შეეძლო, უარი ეთქვა საქმის განხილვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის უარყოფის საფუძველი და არ დააკმაყოფილა რუსეთის პრეტენზია",- აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილების მიხედვითვე, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციაზე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ გადარჩენააზე. რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთი განაგრძობდა „ეფექტიან კონტროლს“ ამ ორ სეპარატისტულ რეგიონზე, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე.

„იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საპირისპირო ინფორმაცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დასკვნა ძალაში რჩება. აქედან გამომდინარეობდა, რომ კონვენციის შესაძლო დარღვევის მსხვერპლები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ. სასამართლომ გაიმეორა, რომ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის წესი არ ვრცელდებოდა სახელმწიფოთაშორის საქმეებზე, როდესაც მომჩივანი სახელმწიფო უჩიოდა კონვენციის დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე და როდესაც სასამართლოს არ სთხოვდნენ, ინდივიდუალურად გადაეწყვიტა თითოეული საქმე, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ პრაქტიკის დამადასტურებლად ან ილუსტრაციად. ამიტომ, ვინაიდან სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს მხოლოდ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეზე, მან დაასკვნა, რომ ამოწურვის წესი არ გამოიყენება“,- ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია რუსეთის მთავრობის არგუმენტი, რომ განაცხადის  დასაშვებად ცნობისთვის ბრალდება სავარაუდო მსხვერპლის პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იყოს მხარდაჭერილი.

"ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდათ შეუფერხებელი წვდომა ორ სეპარატისტულ რეგიონზე. მის ხელთ არსებული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მათი საჩივრების დასადასტურებლად წარადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილი დეტალური სია, რომელიც ეხებოდა ბევრ ინციდენტს და სავარაუდო მსხვერპლს, გარდა სამი ილუსტრაციული შემთხვევისა, მათ არ წარმოუდგენიათ სიაში მყოფი სავარაუდო მსხვერპლის ან მოწმეების ჩვენებები. მათ არც სასამართლო ან სხვა რაიმე მტკიცებულება წარუდგენიათ. 

ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო უფლებადამცველი ასოციაციების  მასალებიდან და სასამართლოს მიერ მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ 2009 წელს „ბორდერიზაციის“ პროცესის დაწყების შემდეგ მართლაც მოხდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი ინციდენტი. მაგალითად, 2011 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მოხდა 2 741-ჯერ დაკავშირება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის კვეთისთვის დაკავებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული მასალა საკმარისი იყო იმისთვის, რომ შეადგინოს აშკარა მტკიცებულება „აქტების განმეორების“ შესახებ, რომლებიც საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იყო, რათა კონვენციის მუხლების დარღვევის „ნიმუში ან სისტემა“ შედგეს. არსებით ეტაპზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა მოწოდებული მასალა საკმარისი იმისათვის, რომ გადალახოს „გონივრული ეჭვის მიღმა“ ზღვარი  მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ნებისმიერი მტკიცებულების განხილვისას“,- აღნიშნულია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.