Foto

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო

უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.

კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება და ზოგადად ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური.

"დღეის მოცემულობით საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში ნიკა გვარამია ცნობილი დამნაშავედ 2 ეპიზოდში 220-ე მუხლებით და საბოლოოდ სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, არაფერი გასაკვირი ამ გადაწყვეტილებაში არ იყო, ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილება და ზოგადად ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური და ნიკა გვარამია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და სასამართლოსგან რაიმე განსაკუთრებულს სიახლეს ჩვენ არ ველოდით", - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.