Foto

კასპში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა

კასპში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი ბრალდებულის სახით დააკავეს და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის-რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.