დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი და „უფლებები საქართველოს" იურისტი ელისო რუხაძე აცხადებენ, რომ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნაში საგანგაშო დარღვევები იკვეთება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალური განხილვის შემდეგ გამოვლინდა, რომ საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.
"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ანაწმენდები იყო დალუქული, არის გახსნილი, არ არის შეფუთულ მდგომარეობაში და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული... სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით. მე ამას დანაშაულს ვარქმევ და არანაირად არ ვარქმევ გაუფრთხილებლობით იმიტომ, რომ ეს არის დანაშაული, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, რომ ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ანალიზი ობდებოდეს. ვითხოვ გამოძიების დაწყებას ამასთან დაკავშირებით",- აცხადებს ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი.
როგორც ორგანიზაცია უთითებს, სამხარაულის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი მოთავსებულია მთლიანობადარღვეულ პაკეტში - საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
3 ივლისს, „უფლებები საქართველოს" იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია, მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.
„უფლებები საქართველოს" იურისტის, ელისო რუხაძის თქმით, იკვეთება დანაშაულის ნიშნები.
"ექსპერტი მოიქცა გულგრილად. ეს გააკეთა შეგნებულად თუ ეს გააკეთა გაუფრთხილებლობით, კანონისთვის აბსოლუტურად ერთია. იკვეთება კონკრეტული დანაშაული",- ამბობს ელისო რუხაძე.
„უფლებები საქართველო" მოუწოდებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დროულად მოხდეს წარდგენილ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
გარდა ამის, ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 23:00 საათისთვის 12 წლის გოგონა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობებთან გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press