ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.
მიხეილ კალანდიას პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილს მსჯავრდებულის ძმა ლუკა კალანდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ქალბატონო სალომე, მოგმართავთ მიხეილ კალანდია, 23 წლის მსჯავრდებული, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია, სასჯელს ვიხდი დანაშაულზე, რომელიც არ ჩამიდენია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კერძო, ელექტორატზე გათვლილი საზოგადოებრივი ხმაურისა და ხელისუფლების გაუგონარი უსუსურობის გამო, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის გამო, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე, „მიუკერძოებელმა“ ქართულმა სასამართლომ მომისაჯა 11 წელი და 3 თვე. როგორც აღვნიშნე, ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლებამაც უდიდესი როლი ითამაშა ამ შედეგის დადებაში, რადგან არცერთ მხარეს აღარ აინტერესებდა სიმართლე. ოპოზიციას იმედი გაუჩნდა მომხდარი ტრაგედიის ფონზე საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევით ხელისუფლებაში დაბრუნების, ხოლო მმართველმა პარტიამ, ოღონდ როგორმე ჩაეხშო ქუჩის იმჟამინდელი აქციები, გაუგონარი არაკანონიერი ქმედებებით, ყველანაირი ხერხი გამოიყენა ამ საქმის ჩასაფარცხად. ჩემს მიმართ წარმოებული საქმის ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, არსებობდა რისკი კიდევ ერთი, ახალი პოლიტიკური ხმაურისა, ვინაიდან ჩემი რეალური უდანაშაულობა არ აწყობდა ოპოზიციას, ხოლო ხელისუფლებას არ აწყობდა ქუჩის აქციები. თანაც მმართველი პოლიტიკური ძალის იმჟამინდელ ე.წ. კრიზისმენეჯერს, გიორგი გახარიას უკვე „დალაგებული“ ჰქონდა საქმე ყველასთან და სიმართლის გარკვევა არც ერთი მხარის ინტერესში აღარ შედიოდა....
სწორედ ამ მღელვარებისა და ხმაურის გასანეიტრალებლად შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომლის წევრიც, თავდაპირველ შემადგენლობაში, თქვენც ბრძანდებოდით და კარგად მოგეხსენებათ იმთავითვე იქ არსებული წინასწარი განწყობა, საღი გონების ადამიანებისთვის აშკარა გახადა ამ კომისიის უმთავრესი დანიშნულება - "ნაციონალურ მოძრაობას", რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უნდა „ემხილებინა“ მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩემი - მიხეილ კალანდიას (მათი წარმოდგენით მკვლელის) მფარველობაში, რის შემდეგაც ისინი საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამდიდრებას ვარაუდობდნენ.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ ამ კომისიამ, მოქმედებდა რა ზემოხსენებული მიზნით, ფაქტობრივად შეთითხნა, მოიგონა გარემოებები ჩემ საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად დაამახინჯა და მიჩქმალა ფაქტები, რომელიც ადასტურებდა ჩემს უდანაშაულობას...
2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი უმიზეზო ჩხუბის გამო დატრიალებული უდიდესი ტრაგედია, უმძიმეს მორალურ ტვირთად გამყვება ცხოვრების ბოლომდე, რამეთუ მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული ბავშვები მალევე შევარიგეთ და უნდა დავშლილიყავით (სხვათაშორის, სამეცადინოდ მაგვიანდებოდა ზოგადი უნარების მასწავლებელთან), კონფლიქტის განახლება რატომ მოხდა, დღესაც გამოცანაა ჩემთვის... მე ჩხუბის მონაწილე გავხდი იძულებით, რამეთუ სრულიად უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩემი მეგობრის დახმარება გადავწყვიტე. საბოლოოდ, მეც, ფაქტობრივად, ამ საერთო უბედურების მსხვერპლი გავხდი. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ მე ვსუნთქავ....., თორემ წამერთვა ყველანაირი უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულ იქნა ჩემ მიმართ უამრავჯერ, წამერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მომადგა უდიდესი რეპუტაციული და მორალური ზიანი, ათასგზის შეილახა ჩემი ღირსება, პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენდი, იმ პერიოდისთვის არასრულწლოვანი მოზარდი ბიჭი, რომ მე, „მკვლელ“ მიხეილ კალანდიას, იმის ადამიანობაც კი არ მეყო, რომ მეღიარებინა დანაშაული - დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია და ვერც ვერასოდეს ჩავიდენდი ამ უმძიმეს ცოდვას ჩემი მორალურ-ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე.....
ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი სავალალო რეალობიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური პარტიები დაკავებული არიან არა მოსახლეობის აქტუალური პრობლემების წამოჭრით და მოგვარების გზების ძიებით, არამედ უსაფუძვლო ხმაურისა და სკანდალების შექმნით, გამიზნულად ამძაფრებენ მდგომარეობას, ქმნიან მძიმე ფონს, (ამისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სხდომების პირდაპირი ტრანსლირებებით, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა), ხოლო მმართველი პოლიტიკური ძალა კი, ყველაფერზე წავა (ჩემნაირ მიხეილ კალანდიას უხვადაც შეწირავს), ოღონდ არ იყოს ბუნტი და შეინარჩუნოს ძალაუფლება, დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არ გაირღვევა ეს მანკიერი წრე, კიდევ მრავლად იქნებიან, ჩემს მსგავსად, პოლიტიკური რეალობის მსხვერპლები.
თქვენო აღმატებულებავ! თქვენ ხელთ გაქვთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ექსკლუზიური უფლებამოსილება-შეწყალება. თქვენ არ ხართ მის გამოყენებაში შეზღუდული და შესაბამისად, შეგიძლიათ სასამართლოსა და სახელმწიფოს მხრიდან იმ უმსგავსობების აღკვეთა, რომელიც ამ შემთხვევაში, ჩემს მიმართ ჩაიდინეს. მე არ გთხოვთ შეწყალებას როგორც დამნაშავე და ამ დანაშაულის მომნანიებელი მსჯავრდებული. მე გთხოვთ შეწყალებას, როგორც საპატიმროში უდანაშაულოდ გამომწყვდეული ადამიანი, რომელიც დღემდე მარტო იბრძვის უსამართლო სისტემის წინააღმდეგ სიმართლის დასამტკიცებლად. მე მიუხედავად არაადამიანური ზეწოლისა და მრავალი ფსიქოლოგიური წნეხისა, არც ერთ ეტაპზე არ მიღიარებია პროკურატურის მიერ „შეთითხნილი“ დანაშაული. ამ ე.წ. აღიარებით საკმაოდ კომფორტულ გარემოებაში ვიქნებოდი მსგავსად ამავე საქმეზე დამდგარი სხვა ერთ-ერთი განაჩენისა, მაგრამ მე ეს არ შემიძლია - ჩემი პიროვნული პრინციპების გამო, რამეთუ ვთვლი, რომ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა, ადამიანის უმთავრესი მისწრაფება უნდა იყოს. მე წარმოვადგენ ჩემი ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ბინძურ ინტერესებს შეწირულ პატიმარს. გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩემი საკითხით, გაითავისოთ ჩემი მდგომარეობა და დამეხმაროთ მიზნის მიღწევაში! ამ ეტაპზე, თქვენ ხელგეწიფებათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ - აღადგინოთ სამართლიანობა..... გთხოვთ, დამეხმარეთ და ამ ჰუმანური აქტით ხელი შეუშალეთ სახელმწიფოს ამ უმსგავსობის გაგრძელებაში.
შემიწყალეთ, რათა მოვახერხო დავუბრუნდე სრულფასოვან ცხოვრებას და თავისუფლებიდან უფრო ეფექტიანად გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ამ ეტაპზე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ჩემი საქმე განხილვის მეორე ეტაპზეა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი უფლებების დაცვას შევძლებ საპატიმროში დაუფლებულ ფრანგულ ენაზე",- ნათქვამია კალანდიას წერილში.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press