Foto

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.