Foto

პროკურატურამ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელს მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს "დემეს"  წარმომადგენელს,  მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია "დემეს" წარმომადგენელმა,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა.

"ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში  მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.

კომპანია "დემეს" წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.