Foto

შსს-ს ინფორმაციით, რაფაილ შეპელევმა „საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა“

საქართველოში, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12 ოქტომბერს, აქტივისტი  გორში, იქიდან კი, ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

უწყების ცნობით, რაფაილ შეპელევმა "საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რამე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.