Foto

სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას პატიმრობა შეუფარდა

23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება მოწმეების ჩვენებებით და ვიდეომტკიცებულებებით, საიდანაც ჩანს, როგორ აზიანებენ დაკავებულები აღსრულების ბიუროს ავტომანქანას.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

რაც შეეხება თავად ბრალდებულების პოზიციას, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ

პროკურორის განმარტებით, დანაშაული მძიმე კატეგორიის არის და 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლება დაიწყეს.

ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს.