Foto

პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შსს-ს თანამშრომელმა, რომელიც საკუთარ მანქანას მართავდა, დაარღვია საგზაო მოძრაობა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.