Foto

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა - 1974 წელს დაბადებულ გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.გ. ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.