Foto

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული გ.კ., 1995 წელს დაბადებული ე.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ტ., 2000 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1998 წელს დაბადებული მ.პ., 1999 წელს დაბადებული მ.ი., 1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1969 წელს დაბადებული კ.დ. 1974 წელს დაბადებული შ.გ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.ც. და 1993 წელს დაბადებული ა.გ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ც. ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ რეალიზაცია ხდებოდა.

გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე, დაკავებულია ა.ც.-ს მოკავშირე - გ.კ.-ც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

ამავე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დაკავებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად 20 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირის - ლ.ჩ. -ს, მ.პ-ს. და მ.ი. -ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს "მარიხუანა" და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ჯ.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ ამოიღეს.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კ.დ.-ს და შ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.