Foto

ბაზისბანკის 2023 წლის ფინანსური შედეგების შეჯამება

2023 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 10.24%-ით გაიზარდა და 3.52 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 16%-ით გამსხვილდა და 2.52 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.62%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2023 წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.72 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ 357 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2023 წელს, საცალო სესხების მოცულობამ 809 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.06 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბაზისბანკის ჯგუფში შემავალ სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიებს, 2023 წელს ბბ ლიზინგის საკრედიტო პორტფელმა 26 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2023 წელს მოზიდული პრემია 20.6 მილიონი ლარია, პრემიის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ს შეადგენს.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წმინდა მოგება 76.9 მილიონ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.4% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 15.7%.

„ბაზისბანკი აგრძელებს განვითარებას და საფინანსო ბაზარზე პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას. ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით საუკეთესო საბანკო გამოცდილებას და მაქსიმალურად ვუმარტივებთ ბანკთან ურთიერთობას. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. 2023 წელს, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და განსაკუთრებული შედეგები აჩვენა ბაზისბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სფეროში საქმიანობის 30-წლიანი ისტორიით, ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში და ჩვენს მიერ დასახული ამბიციური გეგმები გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.