Foto

შსს - მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გაძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.