Foto

ლექსო ლაშქარავას მიმართ დევნისა და ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთ დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ "ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის საქმეზე" ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

უწყების ცნობით, გ.გ-ს ბრალდება ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე წარუდგინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე გ.გ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ TV პირველის ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება", — აცხადებს პროკურატურა.

მათივე თქმით, სამართალდამცველებმა გ.გ. ორი დღის წინ, 23 ივლისს დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

უწყებაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის ექვსი პირია დაკავებული, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურაში, ასევე, აცხადებენ, რომ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 29 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.