Foto

„საქართველოს კაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა

საინვესტიციო კომპანიამ „საქართველოს კაპიტალი“  განათლების სექტორში ინვესტირების გაგრძელების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანიის საგანმანათლებლო მიმართულებას ორი ახალი სკოლა დაემატა: „ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“ დიდ დიღომში და „მწვანე სკოლის“ ახალი, მეორე კამპუსი ნაძალადევის რაიონში. 

„ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“ 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს საგანმანათლებლო სექტორში. სკოლა გამოირჩევა ინტერაქციული სასწავლო პროგრამით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომას და მათი უნარჩვევების სრულ რეალიზებას. სკოლა მდებარეობს დიდ დიღომში და აღჭურვილია თანამედროვე საკლასო ოთახებით, საცურაო აუზითა და ღია სტადიონით რომელიც გამწვანებულ 1.5 ჰექტარზეა განთავსებული. 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შეთანხმებით, ჩვენს სკოლას შესაძლებლობა ეძლევა შეუერთდეს „საქართველოს კაპიტალის“ საგანმანათლებლო გუნდს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“ - განაცხადა ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების დირექტორმა, მანანა გვირჯიშვილმა.

„მწვანე სკოლის“ ქსელი 2021 სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. დიღმის კამპუსს დაემატა ახალი სასწავლო კორპუსი და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა: შიდა და გარე ჩოგბურთის კორტები. „მწვანე სკოლის“ ქსელს ასევე დაემატა, ახალი, მეორე კამპუსი. ახალი კამპუსი ნაძალადევის რაიონში, ისტორიულ რეკრეაციულ ზონაში, ხუდადოვის ტყეში, 5 ჰექტარზეა გაშლილი. სკოლის შენობა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით არის გარემონტებული და მოწყობილი. ახალ კამპუსში ბავშვები ჯანსაღ გარემოში შეძლებენ განვითარებას და განათლების მიღებას.

მწვანე სკოლას ამ ეტაპზე 1,300-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს და სკოლაში 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მასწავლებელია დასაქმებული. „მწვანე სკოლა ნაძალადევში“ მოსწავლეების მიღება ბაღის ასაკიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებულია და 2021 წლის სექტემბრიდან სკოლა მოსწავლეების პირველ ნაკადს ელოდება.

„სასიხარულოა რომ „საქართველოს კაპიტალთან“ ერთად ვაგრძელებთ განვითარებას და დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დასახული გვაქვს მომავალი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც გვინდა მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გავხადოთ ხელმისაწვდომი.“ - განაცხადა  „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელმა და „საქართველოს კაპიტალის“ პარტნიორმა ბაკურ სულაკაურმა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს კაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა. ეს ინვესტიცია წინ გადადგმული ნაბიჯია „საქართველოს კაპიტალის“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ვგეგმავთ განვაგრძოთ ინვესტირება საგანმანათლებლო მიმართულებით და ხელი შევუწყოთ ამ სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.“ - აღნიშნა “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა  ირაკლი გილაურმა.