Foto

დამოუკიდებელი იურისტები - მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 31 ოქტომბერს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციას ეხმიანება და ამბობს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ და საბჭოს წევრებად არჩეული მოსამართლები კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირები არიან.

იურისტების განცხადებით, კონფერენცია ჩატარდა მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენაზე იყო კონცენტრირებული.

"კონფერენცია გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც საზოგადოების მთელი ყურადღება ამ პოლიტიკურ მოვლენაზე იყო  კონცენტრირებული. მსგავსად წინა შემთხვევებისა, ამ კონფერენციის გამართვამდეც საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატების შესახებ. მოსამართლეთა მიერ ასეთ დროს და ასეთი ფორმით იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არაერთხელ გამხდარა შიდა თუ საერთაშორის საზოგადოების რეაგირების საგანი. 

მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ, რის შედეგადაც საბჭოს ორმა წევრმა თეა ლეონიძემ და თამარ ონიანმა მიმართა კონფერენციას იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის განცხადებით. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აუხსნიათ თავიანთი გადაწყვეტილების საფუძველი. ორი ქალის მიერ ერთდროულად  მაღალი თანამდებობის გაურკვეველი მიზეზით დატოვება საბჭოში, სადაც ყოველთვის კაცი წევრები დომინირებდნენ, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და საეჭვოს ხდის მათ მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას. " - ნათქვამია იურისტების ერთობლივ განცხადებაში.

იურისტების თქმით, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი, რომლებიც  მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს უმაღლეს მოსამართლეებად აირჩიეს, კლანთან არიან დაახლოებული.

"მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, უალტერნატივო არჩევნებში, მხარი დაუჭირა საბჭოს წევრებად გიორგი გოგინაშვილის და პაატა სილაგაძის არჩევას. ორივე მოსამართლე არის კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირი.  

გიორგი გოგინაშვილი - საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხის სააპელაციო სასამართლოში განმხილველი მოსამართლე, რომლის სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ამასთან, გიორგი გოგინაშვილი 5 ოქტომბრამდე იკავებდა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის თანამდებობას.

პაატა სილაგაძე - მოსამართლე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 2018 წელს პარლამენტისთვის წარდგენილი სკანდალური სიის წევრი. იგი ერთხელ უკვე იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მან თავისი კანდიდატურა მოხსნა საბჭოს მდივნობის კანდიდატობიდან ლევან მურუსიძის სასარგებლოდ. მისი საბჭოს წევრობის პერიოდში იუსტიციის საბჭო აწარმოებდა მოკვლევას სასამართლოდან გაჟონილი საგამოცდო ტესტების შესახებ. როგორც ამ მოკვლევის, ისე გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. ამასთან, მოსამართლის ძმა, ლაშა სილაგაძე, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიასთან, რომელთაგან სამის იურიდიული მისამართი ემთხვევა ბანკი „ქართუს“ ოფისის მისამართს (ჭავჭავაძის 39ა); ასევე, მას კავშირი აქვს ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრებთანაც.

მოსამართლეთა კონფერენციის შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს პირთა ერთი ჯგუფი - კლანი, რომელიც ცდილობს შიდა საკადრო გადაადგილებები განახორციელოს ისეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განაწესოს პირები კლანისადმი ერთგულების ნიშნით" , - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი) 

2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).  

3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი) 

4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)  

5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი). 

6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)   

7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)  

8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)  

9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)  

10.ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი 

11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).  

12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) 

13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) 

14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი). 

15.ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).  

16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი,  ყოფილი მოსამართლე) 

17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)  

18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).  

19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე) 

20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).  

21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).  

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.