რამდენიმე დღის წინ რუსული მედია ღვარძლის, სარკაზმის და დაცინვის მორევში კვლავ გადაეშვა. ჩვეულ სტილში ამბის გაშუქების მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეზობელი ფინელების ნახევარზე მეტი რუსეთს სამხედრო საფრთხედ მიიჩნევს. ფინეთში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რუსეთს საფრთხედ გამოკითხული რესპოდენტების 60% მიიჩნევს. როგორც ირკვევა, ზოგადადაც, ფინეთის მოქალაქეებში სულ უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება ფედერაციის მიმართ. კონკრეტული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით კი, ფინელები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში არსებულ ვითარებას და ასევე კრემლის მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე, შემდეგ კი „ნეგატიურ მოვლენებზე“ რეაგირებას ახდენენ. აღსანიშნავია, რომ ფინეთში უფრო ცუდი დამოკიდებულება აქვთ ამ სახელმწიფოს მიმართ ახალგაზრდა თაობას.
რამდენიც არ უნდა იქილიკოს რუსულმა მედია, თუ კი ობიექტურ ისტორიას გავიხსენებთ, ფინელების განწყობაში გასაკვირი არაფერია. როგორც ჩანს იქ ისტორიას კარგად სწავლობენ და თანაც საკუთარი ქვეყნის გამოცდილება არ ავიწყდებათ. ფინეთი ჯერ რუსეთის იმპერიამ დაიპყრო, სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ კი, 1918-1944 წლებში, საბჭოთა კავშირსა და დამოუკიდებელ ფინეთს შორის 4 სამხედრო კონფლიქტი მოხდა.
ფინელი ისტორიკოსები წიგნში „მანერგეიმის ხაზის გარღვევა“ ასე აღწერენ მოვლენებს: „ალექსანდრე III-ს გამეფების შემდეგ, ჩაგვრის ახალი ეპოქა დადგა. რუსები ახორციელებდნენ ფინეთის უნივერსიტეტებზე, სასამართლოებზე და პრესაზე კონტროლს, მაგრამ ნიკოლოზ II-ეს ტახტზე ასვლის შემდეგ, უარესი დაიწყო. ახალმა გენერალ-გუბერნატორმა ნიკოლაი ბობრიკოვმა ფინეთში ყველა ადმინისტრაციულ პოსტზე რუსები დანიშნა, ხოლო რუსული ენა სახელმწიფო ენა გახდა. ფინეთში კანონების მიღების უფლება რუსულ ხელისუფლებას გადაეცა, ხოლო ფინეთის შეიარაღებული ძალები იმპერატორის არმიის შემადგენლობაში შევიდნენ. ნებისმიერ ურჩ ფინელს ციმბირში ასახლებდნენ. ბობრიკოვის მმართველობის დროს რუსების საყვარელი სპორტი გახდა ჰელსინკის მოედნებზე მოქალაქეების გაროზგვა. 1914 წლისთვის ფინელების რაიმე სახის თვითმმართველობა აღარ არსებობდა. რუსეთის მიმართ სიძულვილი ძლიერდებოდა და ღრმავდებოდა.“
როცა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ფინეთმა ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბჭოთა კავშირის შექმნის პარალელურად, ყოველ ჯერზე საბჭოელი ბელადები პროვოკაციებს აწყობდნენ და თავს ესხმოდნენ აღმოსავლელ მეზობელს. სტალინი თვლიდა რომ ეს მხარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზღვრების გასამაგრებლად. ასევე, ბელადი ფინეთს წითელი სამხედრო ბაზებისთვის მიწის გამოყოფას სთხოვდა, თუმცა ფინეთის ხელისუფლება ნეიტრალიტეტის მომხრე იყო და ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ასრულებდა. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარები ფინეთში შეიჭრნენ-წლების შემდეგ, ნიკიტა ხრუშოვმა მემუარებში დაწერა: „მხოლოდ დაყვირება გვჭირდებოდა და ფინელები დაგვემორჩილებოდნენ. ეს რომ არ მომხდარიყო, ერთი გასროლა იქნებოდა საჭირო, ფინელები ხელებს აწევდნენ და დაგვნებებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა“. ასე კი არ მოხდა-მაშინ როცა საბჭოთა ჯარი 450 ათასი ადამიანისგან შედგებოდა, ჰყავდათ 2 ათასამდე ტანკი და უდიდესი შეიარაღებაც ჰქონდათ, ე.წ „ზამთრის ომი“ 105 დღეს გაგრძელდა.
წითელი არმია ყველა პარამეტრით რამდენიმეჯერ აღემატებოდა ფინელების სამხედრო შესაძლებლობებს. მაგრამ ფინელებმა სამშობლოს დასაცავად გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მათ შორის, საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული „მოლოტოვის კოქტეილი“ შექმნეს. თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, ომის დაწყებამდე ვიაჩესლავ მოლოტოვმა თქვა-„უკვე ხვალ ჰელსინკიში ვივახშმებთ“. ფინელებმა კი მის ტანკებს და ჯარს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუშინეს და ჯოჯოხეთი მოუწყვეს. საბოლოოდ, ფინეთის თავგანწირულმა შეიარაღებულმა ძალებმა 23 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგეს, 43 ათასი დაჭრილი ფინელი სამხედროდან დაახლოებით 10 ათასმა საბოლოოდ დაკარგა შრომისუნარიანობა. ამ ომს 65 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა, 338 ათას ადამიანზე მეტი დაიჭრა, დაავადდა და გაიყინა. საბოლოოდ, ორივე მხარემ დაზავების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დასუსტებულ ფინელებს უდიდეს დათმობაზე წასვლა მოუწიათ. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადავიდა კარელიის ნაწილი, კუნძულები ფინეთის ყურეში, ლადოგის ტბის ორი ნაპირი 3 ფინურ ქალაქთან ერთად, უზარმაზარი ტერიტორია მდინარე ლადოგის ჩრდილოეთ ნაწილში, შორეულ ჩრდილოეთში რამდენიმე ნახევარკუნძულის ნაწილები. საბჭოთა კავშირმა, რომელსაც მსოფლიოში ისედაც უკვე მტრულად უყურებდნენ, კიდევ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, ის როგორც აგრესორი, ერთა ლიგიდან გარიცხეს.
იმის მიუხედავად, რას ავრცელებდა მაშინ საბჭოთა პროპაგანდა და რას ავრცელებენ ახლა თანამედროვე რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც სტალინს და პუტინს ერთნაირად ადიდებენ, არსებობენ რუსეთშიც საღი აზრის მქონე ისტორიკოსები თუ პუბლიცისტები. ისტორიკოსი ბორის სოკოლოვი წერს: „სსრკ-ს ომი ფინეთის წინააღმდეგ იყო უარესი ვიდრე შეცდომა-ეს იყო დანაშაული, რომელიც სისხლით ზღვეს ასი ათასობით წითელგვარდიელმა და ათასობით ფინელმა ჯარისკაცმა. ამ ომის შედეგად, საბჭოთა კავშირმა თითქოს და მიიღო სტრატეგიული სარგებელი: ლენინგრადიდან საზღვარი გადაწია, მიიღო მნიშვნელოვანი ბაზები ფინეთის ყურეში. მაგრამ ყველა ეს სარგებელი გაბათილდა ერთი დიდი სტრატეგიული მარცხით: ფინეთის გადასვლა გერმანელების ბანაკში. საბჭოთა კავშირზე, 1941 წელს, გერმანიის თავდასხმის შემდეგ,
ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ მოვიდა შურისძიების მომენტი და ასევე გამოუცხადა ომი აღმოსავლეთ მეზობელს. თუ კი ფინეთი 1941 წელს ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა, ეს გადაარჩენდა ასობით ათას ლენინგრადელს, რომლებიც ბლოკადის დროს დაიღუპნენ: ფინელებისგან ლენინგრადი მიიღებდა სურსათ-სანოვაგეს და არ იქნებოდა ბლოკადის საშინელი 900 დღე.“ ფინელების დიდ ნაწილს დღემდე არ უყვარს რუსეთი, მისი მხრიდან მუდმივად ხედავენ საფრთხეს და საკმაოდ ჭკვიან ერად არიან მიჩნეულნი...
ნანა გუნაშვილი
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press