Foto

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურორის აცილებას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ პიჯაკების პროცესზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა, საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს.

შუამდგომლობის არგუმენტად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორის მედიაში გავრცელებული ინტერვიუ დაასახელეს, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ადვოკატების განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"თქვენ ამ საქმეში ხარჯები დიფერენცირებული არ გაქვთ. თქვენ ამ საქმეში თაიგულებზე ასამართლებთ პრეზიდენტს და თუ გაქვთ სამართლებრივი კომპეტენცია, მაშინ კეთილი გენებათ და გეთქვათ, ბოტოქსებზე აქვს ბრალდება წარდგენილი და არა პიჯაკებზე, არა თაიგულებზე...მარა ესე არ გაგიკეთებიათ იცით რატომ? სამართლებრივი თვალსაზრისით, ხარჯების თვალსაზრისით, იქნება ეს ბოტოქსი, თუ პიჯაკები, იყო აბსოლუტურად იდენტური...ამიტომ ვართ პოლიტიკურ პროცესზე და არა სამართლებრივზე და ამიტომ წარმოადგენთ თქვენ პროპაგანდას და არა სამართლებრივ ბრალდებას" - განაცხადა ბასილაიამ.

პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები. ეს არ არის ის, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ სამართლდება მიხეილ სააკაშვილი და არა პიჯაკები, რაც მთლიანი თანხის 0.5 პროცენტია“, - განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ექსპრეზიდენტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში ესკორტის თანხლებით გადმოიყვანეს. ე.წ პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.