Foto

რუსეთი ბრიტანეთისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) უფროსი რიჩარდ მური რუსეთს ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. 

მურის შეფასებით ოფიციალური მოსკოვის ქმედებები გაერთიანებული სამეფოსთვის კვლავაც „მწვავე საფრთხეს“ წარმოადგენს.  „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უნდა მოვთოკოთ რუსეთის ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი.

გავიხსენოთ, რომ 2020 წელს ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ევროპასა და ბრიტანეთში რუსეთის უკანონო საქმიანობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტმა რუსეთი 2014 წლის შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებით მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა. ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნა, რომ ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში დასავლურ დემოკრატიაში კრემლის პირველი მასშტაბური ჩარევის მცდელობა იყო. 

კომიტეტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი ბრექსიტის მხარდამჭერ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. ამისთვის ოფიციალური მოსკოვი „სპუტნიკის“ მსგავს მედიასაშუალებებს, ასევე „ბოტებსა“ და „ტროლებს“ იყენებდა. კომიტეტმა 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაც არ დატოვა უყურადღებოდ. 

ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის გაზრდილი კონცენტრაცია ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას მეტ მნიშვნელობას სძენს. ცივილური სამყაროს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ამხელენ რუსეთს დესტრუქციულ ქმედებებში და კრემლს აფრთხილებენ. პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად აიძულებს დასავლეთს გაერთიანდეს და ერთიანი პასუხი დაუპირისპიროს მოსკოვის აგრესიას. 

 

ერთი წლის წინ Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რიჩარდ მური აცხადებდა, რომ რუსეთი ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი „დაღმავალი“ სახელმწიფოა, რომელიც სულ უფრო მეტად სუსტდება. ამავე ინტერვიუში დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ლონდონმა და ვაშინგტონმა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის „ფასის“ შესახებ გააფრთხილეს: „რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის პოზიციაში. მათ ასევე იციან, როგორია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, ვინაიდან კომუნიკაციის არხები ღიაა“. 
იმ ეტაპზე მოსკოვს საკუთარი პოზიციების დათმობა სწორედ ამ გაფრთხილებების გამო მოუწია. ახლა ბრიტანეთი პუტინს კიდევ ერთხელ ამხელს და ახალ შეტყობინებას უგზავნის, რუსეთის „ხელმწიფეს“ მოსკოვის საგარეო პოლიტიკის გადახედვა კვლავ მოუწევს. 

ლელა ონიანი