Foto

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში ჯარებს აგზავნის

რუსეთს სამხედრო პერსონალი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიდან უკრაინაში გადაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი CNN-ზე დაყრდნობით წერს.

ამასთანავე, მედიასაშუალებები პენტაგონსა და აშშ-ის მაღალჩინოსენზე დაყრდნობით, კონკრეტულად ვერ ასახელებენ სამხედროების რიცხვს, რომელიც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გააგზავნა. 

ფაქტზე, რომ „რუსული გარნიზონები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან“ უკრაინის მიმართულებით მოძრაობენ, ჯერ კიდევ 20 მარტს, კონფლიქტის დაზვერვის გუნდმა გაავრცელა. ორი დღით ადრე კი, უკრაინის დროებითმა ელჩმა თბილისში, ანდრეი კასიანოვმაც დაადასტურა. 

ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზა, ხოლო მე-7 ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2009 წელს, როცა ეს ბაზები იქმნებოდა, პერსონალის რაოდენობა 1 400 ადამიანს შეადგენდა.