Foto

სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს. 

სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმის, ჯეიმს კობსა და გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის გამოკითხვა იგეგმება.

ადვოკატები დღესაც დააყენებენ შუამდგომლობას სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნული შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა 22 დეკემბერს ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.