Foto

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. 

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ევროსასამართლომ დაადგინა:

  • კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა - პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ;
  • არ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, თუმცა მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა.

გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. 

აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" წარადგინა.

განაცხადში მოსარჩელეები დაობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-13 მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).