Foto

მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება - შსს EU-ს დროშის დაწვაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

"სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს,  არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია.