Foto

მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო პენიტენციური სამსახური 500 ლარით დაჯარიმდა

მიხეილს სააკაშვილის ვიდეოკადრების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმა.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს სოციალური ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერების შესწავლა და პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

მათივე ცნობით, სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

"სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებათა და მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების, მათი ურთიერთშეჯერებისა და საერთო ანალიზით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად, რაც კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს, თუმცა სოციალური ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერებიდან 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროვებისას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით - 3 (სამი) ეპიზოდი -  კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი, 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროების, ვიდეოთვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილის  კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ინფორმირებისა და  სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერების ვადის განსაზღვრის გარეშე შენახვის ფაქტებზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ასევე, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ვიდეომეთვალყურეობის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალის განხორციელების ფაქტზე.

სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით",- ვკითხულობთ განცხადებაში.