Foto

პენტაგონი: არანაირი მინიშნება არ გვაქვს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს

25 მარტს პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ეზმადება, არ არსებობს. 

"ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ [ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე] და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს.

[...] არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ შეცვალოთ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია და არც რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ჩვენ ვრჩებით NATO-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“. - წერია პენტაგონის წერილობით განცხადებაში.

პენტაგონის განცხადება მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს, სადაც მან მოსკოვისა და მინსკის შეთანხმებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.

"ჩვენ არ გადავცემთ, აშშ-ც არ აძლევს [ბირთვულ იარაღს] საკუთარ მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ [ბირთვული იარაღი] აქვთ გარკვეულ მოკავშირე ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც ამავეს გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ ეს მთხოვა ალექსანდრ გრიგორევიჩმა (ლუკაშენკომ)". – აღნიშნა პუტინმა.