Foto

პენიტენციური გრიგორიადისზე - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლია ბითაძის განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდა გადაპარსეს.

უწყების განცხადების თანახმად, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისი დაწესებულებაში მიღებისას გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას, მან კი პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით ისარგებლა, რაც სწორედ საპარიკმახერო მომსახურებას გულისხმობს.

პენიტენციური სამსახური ასევე გამოეხმაურა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დაკავებულ ბრალდებულთან არ შეუშვეს ადვოკატი, როგორც უწყება განმარტავს, ბრალდებულის დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

"2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მისმა ადვოკატმა, ლია ბითაძემ მოინახულა.

ადვოკატის თქმით, ის ესაუბრა ლაზარეს და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ცალსახად დაირღვა. კერძოდ, ბრალდებულს არ მიეცა ადვოკატის გამოყენების უფლება და ამასთან ერთად გამოიკვეთა მუქარის ელემენტები, როგორც თავად ბრალდებულმა განუცხადა ადვოკატს, იმ შემთხვევაში თუ იგი აღიარებით ჩვენებას არ მოაწერდა ხელს, მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ.

ამასთან ერთად ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდა გადაპარსეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.