Foto

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა როგორ მონდომებით ცვლით სიმართლეს

 „რადიკალური ოპოზიციის განცხადებები - პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჯორჯ ორუელიც კი გაოცებული დარჩებოდა როგორ მონდომებით ცვლით სიმართლეს და გინდათ, რომ გადააკეთოთ ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში დღეს არის  ქვეყანაში. ანუ ომის დაწყებაზე აქ საყვედურს გამოთქვამს ხალხი, რომელმაც თვითონ მოაწერა ხელი საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით“, - ასე მიმართ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს მეხსიერებასა და სინდისზე საუბრობდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობას არის გადაფარებული“.

„თუ მეხსიერება და სინდისი მისთვის ღირებულია, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ეს ადამიანი არ უნდა იდგას, როგორც მინიმუმ. ადამიანის უფლებები დაასამარეს და დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯარისკაცები ომში მიატოვეს და გმირებზე გვესაუბრებიან, ახალგაზრდები აქციაზე მიატოვეს და კანონის უზენაესობაზე ჩვენ გვესაუბრებიან, ასეთ წინააღმდეგობაში არიან ჩავარდნილები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, დღეს რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური დისონანსი აქვს, ასეთი რამ არავის ახსენდება ალბათ ოპოზიციის ისტორიაში.

„ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას - გადააყენეს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და პარტიაში მოუწიათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სხვას აბრალებდნენ ოლიგარქობას და ახლა აღმოჩნდა, რომ პარტიის, მედიის ლობისტების ჩათვლით,  ოლიგარქი კეზერაშვილი უხდის მათ ხელფასს კორუფციით და თაღლითობით ნაშოვნი ფულით. რა იქნება მორიგი საოცარი მიღწევა და რეკორდი პოლიტიკური, რაც ამ სიას დაემატება, ამას კიდევ ვნახავთ“,-  აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია უტიფრად ცდილობს დაამკვიდროს  ის ხაზი, თითქოს „ბიბისიმ“ დაასწრო ქართველ სამართალდამცავებს და კითხვას სვამენ - სად იყო ამდენი ხანი ხელისუფლება, რატომ არ იძიებდა ამ საქმეს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ ოთხი მაღალი დონის ბრიფინგი ჩაატარეს სამართალდამცავებმა ამ საქმეებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გახსნეს საქმე, რომელიც საერთაშორისო სქემის ნაწილია, საერთაშორისო საპოლიციო საგამოძიებო თანამშრომლობაში სამაგალითო  მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს პროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის გამოძიებისთვის. თქვენ სად იყავით, დღეს რომ გაგიკვირდათ „ბიბისის“ გამოძიება?“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.