Foto

კობახიძე საგამოძიებო კომიტეტის შექმნაზე - ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მზადაა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განიხილოს საგამოძებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვრე განიხილავს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნას. 

"ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 6 აპრილს მიმართა, ხოლო 10 აპრილს კი რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით სხდომის მოწვევის საკითხი გადადო.

გადადების გადაწყვეტილება, მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციის ორმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, ქვეყანა მოულოდნელად დატოვა, რის გამოც ოპოზიციას საგამოძიებო კომიტეტის შესაქმნელად ხმები არ ეყო.