Foto

დეგნანი - კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ბრალდებებს, მეტი სამართლებრივი პროცესია საჭირო

კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ამ ბრალდებებს, ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება და გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული ბრალდების გამოსაძიებლად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

„საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებს დაეკისროს ანგარიშვალდებულება, გამოვლინდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომლის გამოყენება შეუძლია მთავრობას საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია და ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. მესმის, რომ ბატონმა კეზერაშვილმაც გაავრცელა განცხადებები, რომლებიც უარყოფს ამ ბრალდებებს. ასე რომ, ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.