Foto

ხაზარაძე კომისიის შექმნის ჩავარდნაზე - ეს არის დასტური, რომ ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები და ჩაწყობილი საქმეები გაგრძელდება

"ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის არა მარტო კონსტიტუციისა და ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, არამედ სრული ლუსტრაცია იმისა, როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს, რომელიც "ოცნების" რიგებში წინა ხელისუფლებიდან გადმოიპორტირეს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ქცევა არის იმის დასტური, რომ მათი მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას სამართლიანი სასამართლო ვერ ეღირსება.

"ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი. ეს არის იმის დასტური, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას ვერ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. ეს არის იმის დასტური, რომ გაგრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჩაწყობილი საქმეები და ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები.

დროა, მოსამართლეებმა, რომლებიც კლანის წევრები არ არიან და რომლებისთვისაც ღირებულია ის პროფესია, რომელსაც პატიოსნად ემსახურებიან, ხმა აიმაღლონ. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 

დღეს კი პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მესამედ ვერ შედგა.