ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
მათ მიერ გავრცელებულ ღია წერილში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის შეფასებაში ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის სიაში, გვარამიას საქმეზე მკაფიო მითითებები გააკეთა, აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებში, ვულოცავთ ქართველ ხალხს უცხოელი აგენტების კანონპროექტის უკან გაწვევით მიღწეულ წარმატებას და მივესალმებით თქვენს პოზიციას კანონპროექტების დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის კუთხით. დღეს ჩვენ კიდევ ერთი, პრესის თავისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზით გწერთ - გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება და გაათავისუფლოთ ნიკა გვარამია.
2022 წლის 16 მაისიდან დამოუკიდებელი ტელევიზიის, მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი გვარამია 3.5 წლით სასჯელს იხდის სხვა ტელევიზიის მართვისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, გვარამიას გასამართლება "საქართველოს კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს". ასევე, ევროპარლამენტმა გვარამიას განაჩენი რეზოლუციით დაგმო და ბრალდებებს "საეჭვო" უწოდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ გვარამიას საქმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა მოჰყოლოდა. როგორც მთავარი არხის წამყვანი, გვარამია მმართველი პარტიის კრიტიკით ცნობილი იყო. ამ მიზეზით, მისი პატიმრობა ფართოდ დაგმეს ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
როგორც პირი, რომელიც მზად არის, შეუნარჩუნოს საქართველოს საერთაშორისო პოზიცია, თქვენ აღნიშნავთ, რომ მისი დაკავება საქართველოსთვის შემაშფოთებელი შემობრუნების წერტილია. მას შემდეგ, რაც 1992 წელს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა დაკავებული ჟურნალისტების შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო, საქართველოში აქამდე არც ერთი ჟურნალისტი არ ყოფილა გისოსებს მიღმა ჩაწერილი. გვარამიას პატიმრობა, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოთა რიგებში აყენებს, აზიანებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას.
როგორც პრეზიდენტმა, თქვენ არაერთხელ გაუსვით ხაზი, რომ საქართველოს არჩევანი ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაა. 2022 წლის ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილებასა და 12-პუნქტიან რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს. გვარამიას ციხიდან გათავისუფლება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
შესაბამისად, ჩვენ მოგიწოდებთ, მიჰყვეთ ქართველი ხალხის მიერ უცხოელი აგენტების კანონის უარყოფით გაჩენილ იმპულსს და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გასაძლიერებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში პრესის თავისუფლებასთან მიმართებით, გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press