Foto

სტოლტენბერგი - ქართველმა ხალხმა განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული

მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში.

სტოლტენბერგი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული და ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.

„ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს საქართველოს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლისკენაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციის მიღწევისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.