Foto

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და შესაბამისი კონპენსაციები დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის (დენონსაცია) იურისდიქციას ექვემდებარება აღსრულებულიყო გამსაჩივრებელი ქვეყნის, ანუ საქართველოს მოთხოვნა 41-ე მუხლზე, ანუ სამართლიან დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის საბჭო დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.

„დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას”,- აღნიშნულია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.

ამასთან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის გადასახდელად ჯამში 129 827 500 ევრო დააკისრა.

კომპენსაცია შემდეგ დარღვევებზე განაწილდა:

  • სტრასბურგის გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა მომდევნო 3 თვეში საქართველოსთვის 3 250 000 მილიონი ევროს გადახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მოქალაქეების დახოცვის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მკვლელობების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამ ყველაფრის მსხვერპლი, სულ მცირე, 50 ადამიანი იყო.
  • 2 697 500 ევროს მომდევნო 3 თვეში გადახდა, სულ მცირე 166 დაზარალებულისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის გამო, რაც მოიცავდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, უკანონო დაკავებებს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფებში ხდებოდა, 2008 წლის 10-27 აგვისტოს შუალედში.
  • მომდევნო 3 თვეში 640 000 ევროს გადახდა სულ მცირე 16 დაზარალებულის გამო, რომლებსაც ზიანი მიადგათ ცხინვალის სეპარატისტული ძალების მიერ ქართველი ომის ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში.
  • მომდევნო 3 თვეში 115 000 000 ევროს გადახდა სულ მცირე 23 000 დაზარალებულისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაში ხელის შეშლის გამო.
  • მომდევნო 3 თვეში 8 240 000 ევროს გადახდა იმ ზარალის გამო, რაც მიადგა სულ მცირე 412 ადამიანს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ომის აქტიური ფაზის პერიოდის სიკვდილის შემთხვევების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიების პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად.

შეგახსენებთ, რომ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2011 წლის 13 დეკემბერს კი, ნაწილობრივ დასაშვებად გამოცხადდა. 2012 წლის 3 აპრილს, პალატამ დატოვა იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რის შედეგადაც, საქმეზე მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. ძირითადი გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანა, ხოლო გადაწყვეტილება დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ 2023 წლის 28 აპრილს გამოიტანა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ შენიშნა ისიც, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე ის აღარაა კონვენციის მომხრე.

ამასთან, როგორც სტრასბურგში აცხადებენ, ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, როდესაც იგი შეწყვეტდა კონვენციის მხარედ ყოფნას. ამასთან, ფაქტები, რომლებიც ძირითად გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, 2022 წლის 16 სექტემბრამდე მოხდა.