ლაზარე გრიგორიადისი მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული - ის მძევლად ჰყავთ აყვანილი და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ მისი უფლებები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, გრიგორიადისის პატიმრობაში ყოფნის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, "გარდა იმისა, რომ ხელისუფლება კრემლს აბარებს ანგარიშს".
"რუსულმა ოცნებამ - რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა რეჟიმმა, რომლებიც იმართებიან პირდაპირ კრემლიდან, საქართველოში დასჯადი გახადეს ევროპის მხარდაჭერა. ისინი ფიქრობენ, რომ ვინც ანტიპუტინისტურ მოძრაობაში ჩაერთვება, ვინც ანტირუსულ აქციაში ჩაერთვება, ვინც საქართველოს ოკუპაციას გააპროტესტებს, ვინც რუსულ კანონს გააპროტესტებს, იმ ადამიანებზე გამოცხადებენ დევნას, დასჯიან და კრემლს გაუგზავნიან გზავნილს, რომ ანტიპუტინისტურ მოძრაობებსა და აქციებს დაარბევენ და მეტიც, ყველას დაიჭერენ, ვინც ევროპის მხარდამჭერ აქციაზე გამოვა.
ამასობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს 21 წლის ახალგზარდა ლაზარე გრიგორიადისი. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა - ჩემო მეგობრებო, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ევროკავშირშია, თქვენ დაკავებით გემუქრებიან. არანაირი ფორმალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა ციხეში იყოს. ის წინასწარ პატიმრობაში რატომ იმყოფება? რობოკოპებს დააშინებს, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს? სადმე გაექცევათ? არ შეუძლიათ პასპორტი ჩამოართვან, ან საზღვარზე გააკონტროლონ? ხომ ვიცით კარგად, რომ ლაზარე არსად გამქცევი არაა?! მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული. სხვა არცერთი არგუმენტი, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს და გარდა იმისა, რომ „მესიჯი“ აქვთ, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ და პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან...
ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო გაიმართება ხვალ, 1-ელ მაისს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიყოთ და დავიცვათ ლაზარე გრიგორიადისის უფლებები იმიტომ, რომ ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე, წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ მძევლად აყვანილი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის რუსული ოცნება, რომელმაც კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებით შემოიტანა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი, რაც ქართველი ხალხის ნებით, ბრძოლით, ახალგაზრდების შემართებით და მათი გამარჯვებით დასრულდა, ყველამ კარგად ნახა. ამიტომ, ხვალ მნიშვნელოვანია, ლაზარეს სასამართლოზე თითოეული მოქალაქის ყოფნა,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press