Foto

მშობლები აზარაშვილს - 14 დღის განმავლობაში, მთავრობის მხრიდან ჩვენთან არცერთი პირი კომუნიკაციაზე არ გამოსულა

ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს. ასე უპასუხეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც მშობლებს მოლაპარაკებებისკენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი აქცია გაგრძელდება, იქამდე, სანამ მთავარი მოთხოვნა, განკარგულებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა არ შესრულდება.

"უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, მთავრობის მხრიდან ჩვენთან არცერთი პირი არ გამოსულა პირდაპირ კომუნიკაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, მათგან შემოთავაზება არ ყოფილა.

აქვე დავაკონკრეტებთ, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი აქცია გაგრძელდება მთავარი მოთხოვნის - განკარგულების აქტზე პრემიერის ხელმოწერის - შესრულებამდე.

მისასალმებელია, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე მზაობა. ეს დიდი ცვლილებაა, რადგან, გვახსოვს ჩვენ, 14 დღის წინ, მშობლებთან შეხვედრის დროს, ქალბატონ თამარ გაბუნიას სიტყვები, როცა დედებს გვითხრა, რომ თანხები არ ჰქონდათ მედიკამენტისთვის.

და ბოლოს, გონივრული ვადის (არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა) არ არსებობის გარეშე ჩვენთვის საეჭვო დარჩება სამუშაო პროცესის პროდუქტიულობა," - ნათქვამია მშობლების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სამუშაო მაგიდასთან შეთანხმებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და საპროტესტი აქციების შეწყვეტისთვის მიიწვია.