Foto

დეკანოიძე „ოცნებას“ - თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს უპირისპირდება

თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს ღიად უპირისპირდება.

"13 აპრილს შედგა სამიტი, რომელიც იყო მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის მონაწილეობით. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იყო მიწვეული. საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ და ასევე, დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს. მე შემიძლია გითხრათ ყველას ერთად - თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში, ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ; თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს უპირისპირდება; თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ნატო-ს წვრთნებში. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ოპოზიციის ვალდებულებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, უნდა ისაუბროთ ფაქტებით",- მიმართა დეკანოიძემ მმართველ პოლიტიკურ გუნდს.