Foto

ომბუდსმენი - ადამიანურად განვიცდი თუ რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება - საკითხი უნდა მოგვარდეს

ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება ქუჩაში, ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას მართავენ.

ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმდაგვარ შეთავაზებას გაუკეთებს მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები.

"ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება ამ შეხვედრას და მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმდაგვარ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და სულ მცირე, ის პროტესტის ფორმა, რომელიც მათ აქვთ არჩეული ამ ეტაპზე იქნება შეჩერებული იმიტომ, რომ ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება ქუჩაში. ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს. აქ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აქვს",- განაცხადა იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, დაახლოებით, ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ და ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანას ითხოვენ. დედები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ, მაგრამ აუდიენცია არ შემდგარა.

24 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო".

აღსანიშნავია, რომ დედებთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აღნიშნულის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსაც შეხვდა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხზე სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მშობლების აქციაზე რამდენჯერმე მივიდა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს.

უფრო ადრე, დედებთან შეხვედრა გამართა თვითონ ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".

ამასთან, გუშინ, 1-ელ მაისს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სამუშაო მაგიდასთან შეთანხმებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და საპროტესტი აქციების შეწყვეტისთვის მიიწვია.