სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას 40-ზე მეტი ორგანიზაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს.
"3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა. ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას. საქმის მონიტორინგიდან გამომდინარე, დგინდება, რომ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი კითხვები. პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც განაჩენი დაუსაბუთებელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის.
სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.
ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.
ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე. ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით. დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.
ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ,
- საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;
- საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 40-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press