Foto

ФСБ-ის მტკიცებით, უკრაინულ სპეცსამსახურებს რუსეთში, საქართველოს ტერიტორიების გავლით შენიღბული ასაფეთქებლები შეჰქონდათ

ბომბის კომპონენტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთებში იყო შენიღბული, უკრაინის სპეცსამსახურებმა ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში ტერორისტული თავდასხმებისთვის შემოიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროპაგანდისტული რუსული სამთავრობო სააგენტო"რია ნოვოსტი" ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ყირიმში დაგეგმილი "ტერაქტები" აღკვეთეს.

როგორც "რია ნოვოსტი" აცხადებს,  უკრაინის სამხედრო ძალების მხრიდან, ოკუპირებული რეგიონის მეთაურზე, სერგეი აკსენოვზე თავდასხმაც იგეგმებოდა.

"უშიშროების ორგანოებმა გახსნა და ლოკალიზება მოახდინა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული კონტრაბანდის საერთაშორისო არხი, რომლის მეშვეობითაც ბულგარეთიდან რუსეთში, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით, შედიოდა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად კამუფლაჟირებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები, რომლებიც ამ ჯგუფის წევრებს ტერორისტულ საქმიანობაში უნდა გამოეყენებინათ", – ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.