Foto

პოდოლიაკი - რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ.

მისივე თქმით, უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. ამიტომ ჯერ აკავებს ყირიმში ვითომ დივერსანტების მცირე ჯგუფს. შემდეგ კი აჩვენებს „დრონებს კრემლის თავზე“. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რატომ? ეს არანაირ სამხედრო ამოცანას არ ასრულებს, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ რუსეთმა გაამართლოს თავისი თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".