Foto

ყალბი ორგანიზაციებით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში - მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს - პაპუაშვილი

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ „დროა“-ს, „ევროპულ საქართველოს“, სხვა პარტიების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, ყალბი  არასამთავრობო ორგანიზაციები არა უბრალოდ  აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ დაფუძნებულია და იმართება ლიდერების მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება.

„ზოგადი წესია, რომ უცხოურ  ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი  არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც  არა უბრალოდ  აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად,  ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით  ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე.  სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არაერთხელ ისაუბრა პარტნიორებთან, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისა და  წახალისებისთვის.

„მე არაერთხელ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის.  ახლა აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ მერე არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის ხელში დაჭერა. როდესაც ასეთი ღონისძიებები ფინანსდება ამერიკელი გადასახდელის ფულით, ეს რა თქმა უნდა ძალიან შოკისმომგვრელია. კიდევ ერთხელ, ერთის მხრივ, მოვუწოდებ ამ ორგანიზაციებს, ჩახედონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება, შემდეგ რომ არ იყოს საუბარი იმაზე, თითქოს ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს ფული ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ეს საკითხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.