Foto

ზურაბიშვილი - არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან

მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს რუსეთთან  სამთვიანი ვიზების დაწესების საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ თბილისს მოსკოვისგან არ სჭირდება საჩუქრები მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

"მოვისმინეთ ყველამ დღეს მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს?! შესაძლოა, ეს იყოს მარცხის, კრახის გადაფარვა ბახმუტში. შესაძლოა, ეს იყოს პასუხი ევროკავშირის მიერ გამოცხადებული გუშინდელი სანქციების მე-11 პაკეტზე. ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პროვოკაცია პირდაპირ ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში, პარტიებს შორის, თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებაში არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როცა რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიასა და მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს. ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო - არც ვიზების მოხსნა არ გვჭირდება და არც ფრენების აღდგენა სანამ რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და სანამ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ასეთი ჟესტი ნამდვილად უდროო და მიუღებელია.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და პირიქით, განხილული იყოს სამთვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლია სახელმწიფოს მიერ საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან, რჩებიან ქვეყანაში. აუცილებელია, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა - ყველას ვიღებთ და ეს გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რომ ბაგა-ბაღები გაიხსნას რუსულენოვანი, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც ასწავლონ; არ შეიძლება არ დაწესდეს ზომები სხვადასხვა პროფესიებზე. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაცულობა და პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე. ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთისგან",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.