Foto

დარჩიაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი

ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც  საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. 

მისივე თქმით, საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მიღებული გადაწყვეტილება კი მათ გაუადვილებს ყოფით პირობებს და მისცემს მათ საშუალებას, რომ შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მიმოსვლა.

"მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში - სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ეს და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთი ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას - მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, გადაწყვეტილება, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა - ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.