Foto

ხოშტარია რუსულ ავიაკომპანიებს - პირდაპირ გემუქრებით - საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას

პირდაპირ გემუქრებით - საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ, - ასე მიმართა რუსულ ავიაკომპანიებს პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის ეროვნული ინტერესებისთვისა და იმიჯისთვის დიდი დარტყმა და იმ შემთხვევაში თუ ქართული ავიაკომპანია იფრენს საქართველოში, ეს ქვეყანას სანქციების საფრთხის ქვეშ დააყენებს, რაც სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნება.

"ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშრისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი...

ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ... თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვებ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ... ეს არის კატასროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.