Foto

მოლდოვა დღემდე არის დსთ-ის წევრი - თუ ესმით მოლდოვის სიფრთხილე, რატომ არ ესმით საქართველოს სიფრთხილე - კობახიძე

მოლდოვასთან დაკავშირებით თუ გახსენდებათ ერთი ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადება, მოწოდება დსთ-დან გამოსვლის თაობაზე? ხომ არიან კუბილიუსები და სხვები, რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან და მუდმივად ცდილობენ, დაგვარტყან, თუ იცით მათი ერთი განცხადება მაინც? - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ პარალელი გაავლო საქართველოსა და მოლდოვას შორის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოლდოვა რუსეთის ქოლგის ქვეშ არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის, დსთ-ს წევრობის პარალელურად ცდილობს, ევროკავშირის წევრის სტატუსი მოიპოვოს.

კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც მოლდოვის ფრთხილი პოზიციები რუსეთთან მიმართებით გასაგებია არამხოლოდ თავად ამ ქვეყნის, არამედ ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, გაუგებარია რატომ რეაგირებენ ისინი განსხვავებულად საქართველოს ფრთხილ მიდგომაზე.

„მოლდოვა დღემდე არის დსთ-ის წევრი, რომელიც არის რუსეთის ქოლგის ქვეშ არსებული მთავრი საერთაშორისო ორგანიზაცია. მოლდოვის  სიფრთხილე ყველას ესმის - საკუთარ ოპოზიციას, საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპას, აშშ-ს, რის გამოც ის არ გამოდის დსთ-დან, რომელიც თავის დროზე ჩაფიქრებული იყო როგორც საბჭოთა კავშირის ახალი ვერსია. ჩვენ დსთ-დან გამოვედით, 2008 წლის ომი როგორც კი დასრულდა, მაშინვე იქნა სახელმწიფოს მხრიდან დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიღებული. საქართველო არ არის დსთ-ს წევრი. მოლდოვა, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებულად უნდა ევროკავშირის წევრობა, ინარჩუნებს დსთ-ს წევრობასაც.

თუ მოლდოვის სიფრთხილე გასაგებია ყველასთვის, მოლდოვის შიგნით, საქართველოს შიგნით - რადიკალური ოპოზიცია ხომ გაგებით ეკიდება მოლდოვის სიფრთხილეს, როცა ის არ გამოდის დსთ-დან. ხომ არიან კუბილიუსები და სხვები, რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან და მუდმივად ცდილობენ დაგვარტყან, თქვენ თუ იცით ერთი განცხადება მაინც მოლდოვასთან დაკავშირებით, თუ გახსენდებათ ერთი ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის მოწოდება, განცხადება, დსთ-დან გამოსვლის თაობაზე? - არა. თუ ესმით მოლდოვის სიფრთხილე, რატომ არ ესმით საქართველოს სიფრთხილე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ა.შ. ვფიქრობ, ამაზე საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”.