Foto

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი - კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დამკვირვებელი წევრის სტატუსი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ასევე ტოვებს "ევროპის სოციალისტური პარტიის" სხვა გაერთიანებებსაც.

„ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი ჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ.

როგორც ცნობილია, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. 

ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო. 

გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება.

დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ "ევროპის სოციალისტური პარტიის" (PES) რიგების დატოვების შესახებ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის განცხადებას წინ უძღოდა თავად PES-ის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, პარტია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას გმობდა და ამბობდა, რომ მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს სიტყვით 4 მაისს მიმართა.