Foto

უკრაინის საგარეო სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს

2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას.

მისივე თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით, მისი მიზანია შექმნას პროგრესისთვის შეუძლებელი პირობები და ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქოს.

"რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პოლიტიკურ კომპენსაციად მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო.

თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი "ბორდერიზაციის", საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით შევსების ფონზე. კრემლი თბილისისგან იღებს დათმობებს ისე, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწუხარებაზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა.

2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია, შექმნას პროგრესისთვის შეუძლებელი პირობები. ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქა რუსეთის ფედერაციამ.

აგრესორთან დაახლოების პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერას ვერ პოულობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია საჯაროდ, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებში.

ამ კონტექსტში, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და მხარდაჭერას ქართველების მიმართ მათ ლეგიტიმურ სურვილში, ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკის სინქრონიზება ევროკავშირის პოლიტიკასთან, ასევე, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც გამორიცხავს საქართველოს ევროპისკენ მოძრაობას", - წერს ნიკოლენკო.

ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.