Foto

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - საქართველო-რუსეთს შორის ფრენები შესრულდება იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით,- ამის შესახებ ნათქვამია გაცხადებაში, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. 

"საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში. 

ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული",- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სსააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.