Foto

ხოშტარია - „აზიმუტის“ პირველი ფრენის დღეს, გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, აეროპორტში კოლონით წავალთ

19 მაისს, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსული ავიაკომპანიის "აზიმუტის" მიერ დაგეგმილ ფრენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ქართველმა ხალხმა რუსეთსა და მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, "საქართველოში ამ თვითმფრინავს "ქართული ოცნების" გარდა ტაშით არავინ ხვდება".

"ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება. აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. მიგვაჩნია, რომ ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს უნდა აჩვენოს საკუთარი სახე. ამიტომ, ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. 19 მაისს, როცა დანიშნულია პირველი რეისი, 12:00 საათზე, შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, ეს ჩვენი საქმე არ არის, ვინ როგორ გადაწყვეტს სად იფრინოს, მაგრამ ჩვენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ საქართველოში "ქართული ოცნების" გარდა არავინ ხვდება ტაშით ამ თვითმფრინავს",- აცხადებს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. 

„აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.